ისრაელი გეგმავს, რომ უკრაინის არმიას სარაკეტო და დრონების იერიშის ადრეული გაფრთხილების სისტემები გადასცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია გაერო-ში ისრაელის მუდმივ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გილად ერნადმა ეს განცხადება 26 თებერვალს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთა.
"ისრაელი მუშაობს უკრაინისთვის ადრეული გაფრთხილების სისტემების გადაცემის უზრუნველსაყოფად, რათა გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული თავდასხმებისგან. ჩვენ მოგვიწია, ამ სფეროში ექსპერტები გავმხდარიყავით და მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ", - განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე კვირებიდან.
"ისრაელმა 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული აღჭურვილობა გაუგზავნა უკრაინელ მოკავშირეებს რუსეთის შეჭრის პირველივე კვირას. ჩვენ განვათავსეთ უკრაინაში საველე ჰოსპიტალიც, რომელმაც დახმარება გაუწია ათასობით დაჭრილ უკრაინელ მებრძოლს, ასობით უკრაინელი პაციენტი მკურნალობდა ისრაელის საავადმყოფოებსა და კლინიკებში", - დასძინა ისრაელის წარმომადგენელმა.
ომის დაწყების პირველ თვეებში ისრაელს ჰქონდა უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის არ გაგზავნის პოლიტიკა. ის სიფრთხილეს იჩენდა და ქვეყანას სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჰუმანიტარულად ეხმარებოდა.
2022 წლის ნოემბერში, ისრაელი უკრაინისთვის საკუთარი თავდაცვითი შეიარაღების გადაცემასაც დათანხმდა. შეთანხმება პოლიტიკურ ეშელონსა და იერუსალიმის უსაფრთხოების ძალებს შორის მიღწეული იქნა მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელს კიევისთვის დახმარების გაფორმება მოსთხოვა.
მანამდე, ისრაელის მთავრობაში აცხადებდნენ, რომ უკრაინას არც შეიარაღებას და არც საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ გადასცემდნენ. ისრაელის პრეზიდენტი ამბობდა, რომ არსებობდა შეზღუდვები, რომლებიც ხელს უშლიდა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. ის მზადყოფნას გამოთქვამდა, უკრაინისთვის მხოლოდ არალეტალური იარაღი მიეწოდებინა.