ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, ჯონათან კანრიკუსის განცხადებით, ღაზის სექტორის გარშემო ბარიერი აღადგინეს და იქ დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნეს.
კანრიკუსის თქმით, ისინი ღაზის სექტორთან ახლოს არიან და მისიის შესასრულებლად ემზადებიან. მანვე აღნიშნა, რომ ისრაელში დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს მიაღწია და მათ შორის უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. სპიკერის ცნობითვე, დაშავებულია 2700-ზე მეტი ადამიანი და დასძინა, რომ კონფლიქტის ზონაში "აღუწერელ სისასტიკეებს" აქვს ადგილი.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის