ისრაელმა და ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ისრაელის მედია, ასევე BBC ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Times of Israel წერს, რომ უსაფრთხოების კაბინეტი ხვალ, 16 იანვარს, 11:00 საათზე შეიკრიბება, რათა ოფიციალურად დაამტკიცოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
შეთანხმების მიღწევას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მძევლები მალე გათავისუფლდებიან.
"ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ", - დაწერა დონალდ ტრამპმა.
ცნობილია, რომ შეთანხმების თანახმად, ღაზის სექტორში შეჩერდება ბრძოლა, ასევე ეტაპობრივად გათავისუფლდებიან ისრაელიდან გატაცებული მძევლები და პალესტინელი პატიმრები.
ცოტა ხნის წინ არაბმა მაღალჩინოსანმა Times of Israel-ს განუცხადა, რომ ამ წუთებში "უმნიშვნელო" საკითხებზე კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკითხები არც ისე მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების მიღწევაზე გავლენა იქონიოს.