"ისეთი მუხტია, ვატყობ, ჩვენ გავიმარჯვებთ" - აქციის მონაწილე, რომელსაც პოლიციამ სცემა

"ისეთი მუხტია, ვატყობ, ჩვენ გავიმარჯვებთ" - აქციის მონაწილე, რომელსაც პოლიციამ სცემა

"ბრძოლა გრძელდება და ისეთი მუხტია, ვატყობ, ჩვენ გავიმარჯვებთ" - ამბობს ფორმულასთან საუბრისას აქციის მონაწილე დიმიტრი ბერიძე, რომელიც დღეს სპეცრაზმმა ჯერ წააქცია, შემდეგ კი სცემა.

ბერიძის თქმით, ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

"წამოვიდა პოლიცია ჩვენკენ, რაღაც ნაწილი გავარდა ქუჩის მეორე მხარეს, მეც ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი და უცებ დამარტყეს, დავვარდი და ცოტათი პატარა ზიანი მივიღე, ისეთი არაფერი. კარგად ვარ, ბრძოლა გრძელდება და ისეთი მუხტია, ვატყობ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ან ვრჩები, ან მივდივარ სახლში და ენერგიას ვიკრებთ, რომ ხვალისთვის კიდევ გავაგრძელო", - ამბობს ბერიძე.

პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, ვითარება დაძაბული იყო. სპეციალური დანიშნულების რაზმები მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციელებმა პუბლიკასა და ტაბულას ჟურნალისტებს სცემეს. სპეცრაზმი ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდა.

ამ წუთებში, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან არის მობილიზებული.

რუსული კანონის განხილვა პარლამენტში 16 აპრილს დაიწყო. მისი მოსმენა 17 აპრილს, სიტყვით გამოსვლებით განახლდება.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის.

მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.