ირანის სამთავრობო მედია არმიტა გერავანდის ფაქტობრივ სიკვდილს ადასტურებს - როგორც ისინი წერენ, 16 წლის მოზარდის "ტვინი მკვდარია", რაც ისეთ მდგომარეობას გულისხმობს, როცა თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება აღინიშნება, ხოლო გულის და სასუნთქი ორგანოების მოქმედება ხელოვნურადაა შენარჩუნებული.
"არმიტა გერავანდის ჯანმრთელობის ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ მისი ტვინის სიკვდილის მდგომარეობა აშკარაა", - აცხადებენ სამთავრობო მედიაში.
16 წლის არმიტა გერავანდი რამდენიმე კვირა კომაში იყო - ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო, მას მორალის პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, თუმცა ამ ინფორმაციას ხელისუფლება უარყოფს და აცხადებს, რომ ის თეირანის მეტროში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მიყენებული ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს.
ირანელი აქტივისტები კი აცხადებენ, რომ ოქტომბრის დასაწყისში გოგოს მეტროში ე.წ. მორალის პოლიციამ სცემა - კერძოდ, ამაზე საუბრობდნენ ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაცია Hengaw და ოპოზიციური ქსელი IranWire.
როგორც Hengaw-ის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, პოლიციელებმა 16 წლის მოზარდს ჰიჯაბის გასწორება მოსთხოვა - მას შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც გოგომ გონება დაკარგა.
ირანის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ არმიტა გერავანდი ორ მეგობართან ერთად მატარებელში ჰიჯაბის გარეშე შედის, რამდენიმე წუთის შემდეგ, ერთ-ერთი გოგო ვაგონიდან უკან იხევს და მოგვიანებით, მგზავრებს უგონო მდგომარეობაში მყოფი გერავანდი გამოჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას მატარებლის შიდა კადრები არ გაუვრცელებია.
მსგავსი შემთხვევა ირანში გასულ წელსაც მოხდა, როცა 22 წლის სტუდენტი, მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და სცემა, რის შედეგადაც ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამას ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
უწყება ამტკიცებდა, რომ მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა ეს უარყო ოჯახმა და აღნიშნა, რომ ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული იყო თვითმხილველების განცხადებებიც, როგორც ისინი ჰყვებოდნენ, მაჰსა ამინი პოლიციამ დაკავების შემდეგ ფურგონში სცემა.
მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანის ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა - სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, დემონსტრანტები წვავდნენ ჰიჯაბებს, მათი მთავარი სლოგანი გახდა "ქალი, ცხოვრება, თავისუფლება". უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.