ირანში აცხადებენ, რომ ქალის წინააღმდეგ, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაიხადა, საქმე არ აღძრეს

ირანში აცხადებენ, რომ ქალის წინააღმდეგ, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაიხადა, საქმე არ აღძრეს

ირანელი ქალი, რომელმაც თეირანის უნივერსიტეტის ეზოში გახდილმა გაიარა, სასამართლოს წინაშე არ წარდგება. ამის შესახებ ირანის სასამართლოს სპიკერმა განაცხადა.

ნოემბრის დასაწყისში ინტერნეტში ახალგაზრდა ქალის ვიდეო გავრცელდა, რომელიც უნივერსიტეტის კამპუსის ეზოში საცვლებითა და ბიუსტჰალტერით გამოჩნდა. იგი მალევე დააკავეს.

ქალის დაკავებას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა და მათ შორის Amnesty International მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა.

სასამართლოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ქალმა საავადმყოფოში იმკურნალა, რის შემდეგაც ოჯახს დაუბრუნდა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ის გააგზავნეს საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ ავადაა, ოჯახს გადასცეს... მის წინააღმდეგ არც ერთი საქმე არ აღძრულა", - თქვა სპიკერმა ასგჰარ ჯაჰანგირმა.

სტუდენტურმა მოძრაობამ ქალის დაკავების ვიდეო პირველმა გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მას უსაფრთხოების სამსახურებთან თავშლის დაფარების გამო ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც პროტესტის ნიშნად გაიხადა.

ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქალები ვალდებულნი არიან, თმები და სხეული დაფარონ.

ორი წლის წინ მასობრივი პროტესტი მოჰყვა ახალგაზრდა ქალის მაშა ამინის დაღუპვას. პოლიციამ ის ჰიჯაბის "შეუსაბამოდ" ტარების გამო დააკავა და რამდენიმე დღეში პატიმრობაში დაიღუპა. ამან ირანში დიდი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით ჩაახშო. რამდენიმეთვიანი პროტესტის განმავლობაში 500-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.