ირანის საგარეო მინისტრი ამბობს, რომ ხვალ ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ირანის საგარეო მინისტრი ამბობს, რომ ხვალ ვლადიმერ პუტინს შეხვდება

აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტზე მიტანილი იერიშის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ მოსკოვში მიემგზავრება და ხვალ, 23 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.

მისი თქმით, "რუსეთი - ირანის მეგობარია და მათ სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ".

"მე დღეს მოსკოვში მივემგზავრები, ხვალ დილას მაქვს შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. რუსეთი - ირანის მეგობარია და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ ერთმანეთთან კონსულტაციებს და ვახორციელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინაციას. ხვალ მე მექნება სერიოზული კონსულტაციები რუსეთის პრეზიდენტთან, და ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ერთმანეთთან", - თქვა მან სტამბოლში პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მისი თქმით, იციან, რომ "რუსეთმა, ჩინეთთან ერთად, გაეროს უშიშროების საბჭოში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის მიღება სცადა", თუმცა აღნიშნავს, რომ "აშკარაა, ახლა სიტუაცია შეიცვალა".

***

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე. თავდასხმა, რომლის შესახებაც თავად დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ტელემიმართვაში და სოციალურ ქსელში, განხორციელდა ფორდოს, ნატანზისა და ისფაჰანის ბირთვულ სადგურებზე.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლებლობების მნიშვნელოვან შეზღუდვას. შეტევაში გამოიყენეს B-2 ტიპის სტელს-ბომბდამშენები და 30-ტონიანი „ბანკერ-ბასტერები“ – GBU-57 ტიპის ბომბები, რომლებიც განკუთვნილია მიწისქვეშა ობიექტების დასაზიანებლად.

თავდასხმას გამოეხმაურა ირანი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ის მიერ ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ "ომის წამქეზებელი" თეთრი სახლი "სრულად იქნება პასუხისმგებელი" მისი ქმედებების შედეგებზე.

თავის მხრივ, თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ "აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ საპასუხო შეტევაზე ირანი მიიღებს ბევრად უფრო ძლიერ პასუხს, ვიდრე ის, რაც ამაღამ ვიხილეთ".

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას - საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმას "მკაცრად გმობს".