პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღეს ის NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რომელთან ერთადაც მედიისთვის მოკლე განცხადებები გააკეთა.
კობახიძემ შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში ევროპარლამენტის როლსა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა შეაფასეს და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.
18 თებერვალს ირაკლი კობახიძემ და მთავრობის დელეგაციამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. მაბამდა პრემიერმინისტრი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს − ჯოზეფ ბორელს ესაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიები განიხილეს.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი კობახიძის; საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის − ჯოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის − ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
თავისი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართა ასევე შეხვედრა. მათ ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებაც მიმოიხილეს.