ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება

დღეს, 10 აპრილს, 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მას შემდეგ რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაადო 3 მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა და სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ პრემიერმინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. როგორც გვრიტიშვილმა განაცხადა, პრემიერმინისტრისთვის გარკვეული სახის ინფორმაციის მიწოდება სურთ.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები. სანქცირებულ პირებსა და მათი ოჯახის ზევრებს აშშ-ის შესვლა ეკრძალებათ.

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს.