
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე "დაზარალებული" პოლიციელი ირაკლი დგებუაძე იკითხება.
Netgazeti-ს თანახმად, პროცესზე ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავების მომენტი გაიხსენა და თქვა, რომ მზია ამაღლობელმა "მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად დაარტყა", რის შემდეგაც "ტკივილი განიცადა".
"პოლიციის შავი ფერის გახსნილი ქურთუკი მომკიდა და მიმიზიდა მისკენ. ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად. ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს... მე განვიცადე ტკივილი", - თქვა ირაკლი დგებუაძემ პროცესზე.
ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იმართება. საქმე მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზეა.
ცოტა ხნის წინ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო პროცესიდან ფორმულას ჟურნალისტი და ოპერატორი გააძევა.
მან მიზეზად პირდაპირი ტრანსლირება დაასახელა, თუმცა, ფორმულა სხდომას რამდენიმე წუთის დაგვიანებით, კანონით დადგენილი ნორმით აშუქებდა.