იოსელიანი თავის მოადგილეზე: ნეპოტიზმს რაც შეეხება, ჩემი არა, ალეკოს ნათესავია

ნათია ჯულაყიძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ჩემთან, ჯერ კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ის არის ერთ-ერთი ჩემი მოადგილე და ის პრეტენზიები თუ უხერხულობა, რაც დაკავშირებულია ამასთან, ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა. იმიტომ, რომ დავიწყოთ იქიდან, მე თვითონ ვიყავი პოლიტიკოსი და ადამიანი, რომელიც მუშაობდა ჩემს პოლიტიკურ პარტიაში, ბუნებრივია, ამ პარტიასთან იქნებოდა დაკავშირებული.

ისევე როგორც მე, ნათიამაც დატოვა პარტია, აღარ ვარ პოლიტიკაში, შესაბამისად, არც მე, არც მას არანაირი კავშირი აღარ გვაქვს პოლიტიკასთან. ეს დანიშვნა არ ეწინააღმდეგება არანაირ კანონს და ნეპოტიზმს რაც შეეხება, ის არ არის ჩემი ნათესავი, ის არის ალეკოს ნათესავი და მე მგონი, ალეკოსთან ნათესაობა არ არის განაჩენი ადამიანისთვის, თუ ის არის პროფესიონალი და ის ნამდვილად არის პროფესიონალი, კომპეტენტური და მარტო ამ ნიშნით შევთავაზე ამ თანამდებობის დაკავება და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გაართმევს თავს. ამისთვის რაღაც კუდის მობმა ჩემთვის აბსოლუტურად არასწორია, იმიტომ რომ, მე არც ალეკოს ხათრით, არავის ხათრით არ დავნიშნავ არავის, პირველ რიგში ვნიშნავ იმიტომ, რომ მჭირდება ადამიანი, რომელიც დამეხმარება ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, რომ მივაღწიოთ შედეგებს.

ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თავის მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილის, ნათია ჯულაყიძის დანიშვნას. ეს განცხადება იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

ლევან იოსელიანმა ომბუდსმენის მოადგილის თანამდებობაზე ალეკო ელისაშვილის დისშვილი, ნათია ჯულაყიძე 3 აპრილს წარადგინა.