
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების - ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ასევე ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეებზე "პოლიტიკურ შეფასებას არ გააკეთებს", არგუმენტად კი ამბობს, რომ "არ არის პოლიტიკოსი".
ფორმულას ჟურნალისტმა სახალხო დამცველს უთხრა, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და ჰკითხა, არის თუ არა დაცული უფლება, რომ ისინი პოლიტიკური დევნისგან დაცული იყვნენ, რაზეც ლევან იოსელიანმა უპასუხა:
"პოლიტიკურ მოტივებზე მე ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს. როგორც სახალხო დამცველი ვსაუბრობ ყოველთვის უფლებაზე და თქვენი კითხვა მიემართება ამ შემთხვევაში პოლიტიკურ შეფასებას", - თქვა ლევან იოსელიანმა.
ჩაკითხვაზე, ხედავს თუ არა ამ პოლიტიკოსების შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ნიშნებს, ის ამბობს, რომ "თუ მათი უფლება იქნება შეზღუდული, ან საფრთხე დაემუქრება საპატიმროში თუ მის გარეთ - კომენტარს გააკეთებს".
"ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომენტარის გაკეთება ჩემგან იქნება არასწორი, იმიტომ რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი. უფლების ნაწილში - თუ მათი უფლება იქნება შეზღუდული, ან მათ უფლებას დაემუქრება საფრთხე საპატიმროში თუ მის გარეთ, ამაზე ყოველთვის მზად ვარ, რომ გავაკეთო კომენტარი", - ამბობს ლევან იოსელიანი.