სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს განცხადებით ეხმაურება და მომხდარს გმობს.
ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას, საქმე საგამოძიებო სამსახურს გადასცეს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.
"საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.