საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წერს, რომ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, თუმცა ექიმი არ არის, შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს, ამიტომ მისი სამედიცინო მდგომარეობის განხილვაში არ შევა.
იოსელიანის თქმით, სააკაშვილს დაუდასტურა, რომ ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს მისგან არანაირი შეფერხება არ ექნება.
"დღეს ვიყავი კლინიკა ვივა მედში, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი, რომელიც იმავე კლინიკაში გადის მკურნალობას.
თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე.
ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა.
თუმცა, ჩემი მხრივ, დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება. ასევე დავუდასტურე, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას.
რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში იმყოფებიან. მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომელსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან.
ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე განთავისუფლებას", - წერს იოსელიანი.
ოჯახის წევრების და ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სწრაფი კახექსიის პროცესი დაეწყო - მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.