პარლამენტში წარმოვადგენ წინა სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშს და დაველოდები მის გარშემო კითხვებს. ანგარიშს, რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობ. როცა ამირჩიეს, დასრულებული იყო ანგარიშზე მუშაობა, მე მაშინ განვაცხადე, რომ არანაირ ცვლილებას არ შევიტანდი, არც ერთი ასო ამ ანგარიშში არ შემიცვლია. როგორც წინა სახალხო დამცველს ჰქონდა გააზრებული ამ ანგარიშის გამოგზავნა, ისეთი ფორმით არის გამოგზავნილი.
ანგარიში ძალიან დიდია და გამიჭირდება საუბარი, რას ვიზიარებ და რას არ ვიზიარებ. ყოველ შემთხვევაში, მომავალ წელს, როცა მოვიტან ჩემს ანგარიშს, მერე გექნებათ საშუალება შეადაროთ ჩემი ანგარიში და საზოგადოება და თქვენც დაინახავთ, რას ვიზიარებ, რას - არა. როცა ამირჩიეს იმ დღიდან განვაცხადე, რომ უხერხულია მე ვისაუბრო წინა სახალხო დამცველზე და ვისაუბრო, რას ვეთანხმებოდი, რას არ ვეთანხმებოდი. როცა აქ ვიყავი როგორც პოლიტიკოსი, მაშინ ამაზე ვსაუბრობდი და არ მერიდებოდა არავის, რადგან მქონდა ეს სივრცე, მაგრამ დღეს ვთვლი, უხერხული იქნება წინა სახალხო დამცველის საქმიანობაზე ვისაუბრო, ვთვლი, რომ უშეცდომო არავინ ვართ, ალბათ ისიც უშვებდა შეცდომებს და მეც შეიძლება დავუშვა შეცდომები, მაგრამ ამაზე საუბარი არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი.
განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის წინ.