სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი კვლავ ამბობს, რომ ის "ვერ შეაფასებს მიხეილ სააკაშვილის მგდომარეობას."
ის ასევე ამბობს, რომ აპირებს კონსილიუმის წევრებთან შეხვედრას და სახალხო დამცველის მხრიდან "მონიტორინგის ყველა მექანიზმი იქნება შენარჩუნებული."
"გუშინ ვიყავი "ვივამედის" კლინიკაში და მოვინახულე ყველა პატიმარი ვინც ამ კლინიკაში არის. რა თქმა უნდა, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი, თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ. ექიმები არ იყვნენ გუშინ და მათთან არ მქონია ურთიერთობა. მთავარი, რაზეც ჩემი მხრიდან დავუდასტურე არის ის, რომ ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი რაც არსებობს სახალხო დამცველის აპარატში დღემდე, ეს არის კონსილიუმი, თვითონ აპარატის ზედამხედველობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული და ჩვენ ამას კიდევ გავაგრძელებთ.
მიხეილ სააკაშვილი მე რომ შევედი იწვა, მწოლიარე, მდგომარეობაში იყო, როდესაც ვესაუბრებოდი, სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. [...] როგორც შევიდა კლინიკაში იმასთან შედარებით წონაში, რომ დაკლებულია ეს ყველამ ვიცით. მეტყველება არ უჭირდა, ნორმალურად მეტყველებდა. მე ვერ შევაფასებ მის მდგომარეობას. დამხვდა მწოლიარე, ვისაუბრეთ ნორმალურად, რა თქმა უნდა, არის გამხდარი იმასთან შედარებით რაც იყო, ეს მგონი ცხადზე ცხადია. ამის იქით ყველა ჩემი შეფასება იქნება არასწორი, რადგან ჩემი მანდატი სამედიცინო შეფასების შესრულების შესაძლებლობას არ იძლევა, მათ შორის არც ჩემი ცოდნა.
კონსილიუმის წევრებთან ვაპირებ შეხვედრას და მათთან ერთად განვიხილავ და გავარკვევ მათ რა გეგმა აქვთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ეს მათი პრეროგატივაა."- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
* * *
ოჯახის წევრების და ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სწრაფი კახექსიის პროცესი დაეწყო - მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.