სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი რუსული კანონის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ "გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, თუმცა ამ მიზნის მიღწევა სწორი გზებით უნდა მოხდეს". ამის შესახებ იოსელიანმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, "გამჭვირვალობის განხორციელებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა მნიშვნელოვანია, მისი განხორციელების ფორმები ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის მისაღები იყოს".
"როდესაც ვსაუბრობთ ამ კანონის შინაარსზე, შეიძლება პოლიტიკოსებისთვის იყოს დებატის საგანი, მაგრამ თვითონ კანონის მიზანი, რაც გულისხმობს გამჭვირვალობას, ეს არის ლეგიტიმური, ოღონდ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აუცილებელია მოხდეს სწორი გზებით და ამაზე შარშან ვსაუბრობდი პარლამენტში, როდესაც ვამბობდი, თუ ვინმეს აინტერესებს კონკრეტული NGO-ს დამფინანსებელი, ამისთვის გვაქვს გრანტის კანონი, სადაც შესაძლებელია დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. თუ მიზნის მიღწევა ხდება კონკრეტული, პოლიტიკური დღის წესრიგით არის დატვირთული და ეს ყველაფერი უკვე წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებასთან, მათ ჩვენ შემდგომ ნაბიჯებთან ევროინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნას გადახედილი. ეს პოზიცია მქონდა მაშინაც და ეს მაქვს დღესაც.
მაშინდელი მოცემულობით იყო იარლიყების მიმყენებელი ეს კანონი, იყო აგენტის სახელწოდება, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ადამიანებისთვის. სახელწოდებას რომ თავი დავანებოთ - პრინციპია, რომ ადამიანის ღირსებას არ უნდა შეურაცხყოფდეს არანაირი კანონი, არც სახელწოდებით, არც შინაარსით, მაგრამ ამავე დროს, მაინც ხაზს ვუსვამ, გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი და ამის განხორციელებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ოღონდ მნიშვნელოვანია ეს მიზნები მიღწეული იყოს ისეთი ფორმებით, რა ფორმებიც მისაღებია ჩვენი პარტნიორებისთვის", - აღნიშნა მან.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.