დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ფორმულასთან ამბობს, რომ ცენტრისთვის და ლუგარის ლაბორატორიისთვის, სავარაუდოდ, აშშ-ის გარკვეული პროექტები შეჩერდა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ აშშ-ის დახმარება არ შეწყვეტილა.
"არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რაზეც არის ლაპარაკი", - ამბობს პაატა იმნაძე და ჩაკითხვაზე, კონკრეტულად რა პროექტებზეა საუბარი აღნიშნავს, რომ "ჯერ ვერაფერს იტყვის".
ფორმულას ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
წყაროს ცნობით, 95 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ანტიდემოკრატიული პოლიტიკის და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ვეღარ მიიღებს, ამ უწყებაშიც უნდა წასულიყო.
ვაშინგტონი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რასაც ფორმულას დაავადებათა კონტროლია ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე უდასტურებს.
ცენტრი ყოველწლიურად შეერთებული შტატებისგან 10 მილიონი დოლარის დახმარებას იღებდა, რაც სამეცნიერო პროექტებსა და პერსონალის გადამზადებას ხმარდებოდა.