"იმედის ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის გამო", აქტივისტი ნიკო მანაგაძე საგამოძიებოში დაიბარეს

"იმედის ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის გამო", აქტივისტი ნიკო მანაგაძე საგამოძიებოში დაიბარეს

აქტივისტი, ნიკო მანაგაძე წერს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული - საქმე იმედის ჟურნალისტისთვის "საქმიანობაში ხელის შეშლას" ეხება.

როგორც მანაგაძე წერს, საგამოძიებო სამსახურს თავად ტელეკომპანია იმედმა მიმართა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო და უნდა გამოცხადდეთ უწყებაშიო. რა მოხდა: იმედის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ვკითხე, გმობდნენ თუ არა მათ კოლეგაზე (მთავარი არხის ოპერატორზე) პოლიციის მხრიდან ძალადობას, კამერის დამტვრევას და მის უკანონოდ დაკავებას. და უთხრეს თუ არა ამის შესახებ თავიანთ მაყურებელს, გაუშვეს თუ არა ამის ამსახველი კადრები ეთერში... (ტელევიზია, რომელიც მუდმივად 7 ნოემბერზე და თავიანთი ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე აპელირებს, წინა ხელისუფლების კონტექსტში).

და ტრაგიკომიკური ისაა, რომ იმ "პოლიციელებზე" კი არ აღძრეს საქმე, რომლებმაც (რბილად რომ ვთქვათ) მართლა ხელი შეუშალეს მედიის წარმომადგენელს ბრუტალური მეთოდებით მუშაობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დაულეწეს და დააკავეს, მე გამომაცხადეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შემშლელად, ამაზე კითხვა რომ დავუსვი პირდაპირ ეთერში მათ "კოლეგებს". საქართველო. 2024. .ს. ტელეკომპანია "იმედმა" მოგვმართა ამასთან დაკავშირებითო", - წერს აქტივისტი.