იაპონური მედია: საქართველოს პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი იაპონიაში შენიშნეს

იაპონური მედია: საქართველოს პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი იაპონიაში შენიშნეს

იაპონური გამოცემა Shūkan Bunshun სტატიას ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟზე, უტა ივანიშვილზე აქვეყნებს და წერს, რომ "პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი იაპონიაში შენიშნეს". აღნიშნული სტატიის სრული ვერსია სტუდია მონიტორმა თარგმნა.

სტატიაში ნათქვამია, რომ უტა ივანიშვილი და საქართველოს ელჩი იაპონიაში, თემურ ლეჟავა ერთმანეთს რესტორანში შეხვდნენ და ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, დამშვიდობებისას, პიჯაკში ჩაცმულმა მამაკაცმა მას დიდი შავი ჩანთა გადასცა და ქართულად უთხრა:"აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება".

"პიჯაკში ჩაცმული კაცი გახლდათ საქართველოს ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა, ხოლო პიროვნება, რომლის ვინაობაც უცნობი იყო, აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი", - წერია იაპონური მედიის სტატიაში.

Shūkan Bunshun-ის ცნობით, უტა ივანიშვილი ამჟამად იაპონიაში იმყოფება. ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა გასულ წელს ტოკიოს ცენტრში შეიძინა ელიტარული ბინა კომპლექსში.

"ბინა მდებარეობს ტოკიოში, მთავარ ადგილას, ძვირადღირებული საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე და დაახლოებით 115 კვადრატული მეტრია. რეგისტრაციის მიხედვით, ა-მ, რომელიც ტოკიოში სხვა ძვირადღირებულ რეზიდენციაში ცხოვრობდა, ქონება სესხის გარეშე წინა წლის 27 ივნისს იყიდა", - წერს გამოცემა.

ასევე, გამოცემამ უძრავი ქონების რეესტრის დოკუმენტი მოიპოვა, სადაც ასახულია, რომ ბინა, რომელიც 115 კვადრატული მეტრია, 500 მილიონი იენით ნაღდი ფულით შეიძინა.

“ივანიშვილის ვაჟმა ბინა შეიძინა ივნისში, მაშინ როდესაც საქართველოში დიდი არეულობა იყო. ამას მალევე მოჰყვა აშშ-ის სანქციები დეკემბერში, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს ტრანზაქცია სანქციების თავიდან აცილების ნაწილი იყო,” – აღნიშნავს ექსპერტი.

2 თებერვალს, გამომცემლობის ჟურნალისტმა უტა ივანიშვილს რამდენიმე კითხვა იაპონიაში ცხოვრებასა და საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვა. ივანიშვილის თქმით, ის ორწელიწადნახევარია იაპონიაში ცხოვრობს და თამაშების დიზაინერია.

ჟურნალისტის კითხვაზე უტა ივანიშვილმა შექმნა თუ არა ATU კომპანია პასუხი იყო "არა".

Shūkan Bunshun აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კულისებიდან მართავს.

“ივანიშვილი ერთ-ერთია იმ ოლიგარქთაგანია, რომელმაც 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში საბანკო საქმიანობით დააგროვა ქონება. მას საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს მიიღო, დააარსა საქართველოს დემოკრატიული პარტია და გახდა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დატოვა თანამდებობა. მას შემდეგ, იგი ქვეყანას ჩრდილიდან საკუთარი მილიარდების საშუალებით მართავს. როგორც ამბობენ, მისი ქონება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს. საქართველოს, რომლის ტერიტორიაც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, დიპლომატიური ურთიერთობა კრემლტან გაწყვეტილი აქვს. ამის მიუხედავად, ივანიშვილი პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებთან კავშირს მაინც ინარჩუნებს და მისი ოჯახის წევრებს ბიზნესი აქვთ რუსეთში", - წერია სტატიაში.