ჰოლოუეი: საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესის გაწელვა რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს

ჰოლოუეი: საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესის გაწელვა რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე დებატებისას კონსერვატიული პარტიის წევრმა ადამ ჰოლოუეიმ განაცხადა, რომ საჭიროა, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

"თუ დასავლეთი კიდევ უფრო გაწელავს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს, ეს მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს და აუცილებელია, ამ პროცესის დაჩქარება“ - განაცხადა ჰოლოუეიმ.

ჰოლოუეის თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, დასავლეთმა რუსეთს არ უნდა მისცეს უფლება დაამყაროს კონტროლი როგორც უკრაინაზე, ასევე საქართველოზე.

"ჩვენ ნება არ უნდა მივცეთ რუსეთს, რომ მოიპოვოს კონტროლი უკრაინაზე და ზუსტად ასევე, არ უნდა მივცეთ საშუალება კონტროლი მოიპოვოს საქართველოზე. დაუშვებელია, რომ ეს დემოკრატიული სახელმწიფო იქცეს რუსეთის სატელიტად, რაც ხელს შეუშლის რეგიონის წინსვლას, რადიკალურად გააუარესებს ამ რეგიონის მდგომარეობას" - განაცხადა დეპუტატმა.

მისი აზრით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ უნდა დაუჭიროს მხარი ქართველი ხალხის პოლიტიკურ თავისუფლებას, რათა რუსეთისადმი დაწესებული სანქციები საქართველოს დახმარებით არ შემსუბუქდეს.

დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა "ბიძინა ივანიშვილსა და სხვა ოლიგარქებს ეკისრებათ".

"ჩემი აზრით, ბრიტანეთის მთავრობამ უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის პოლიტიკური თავისუფლების მხარდაჭერა, რათა რუსეთს არ შეუმსუბუქდეს სანქციები და საქართველო არ დაეხმაროს რუსეთს ამ სანქციების არიდებაში. ამ გადადგმულ პრორუსულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილსა და სხვა ოლიგარქებს. ოლიგარქს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, კონტროლი დაამყაროს ქვეყანაზე ყოველგვარი დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით" - განაცხადა კონსერვატორმა დეპუტატმა.

ადამ ჰოლოუეიმ ასევე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე და განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.

მისი თქმით, მათ შორის, სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

"დროა, საქართველო დაუბრუნდეს თავის დემოკრატიულ ნორმებს და დაკმაყოფილდეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება მის ამჟამინდელ ფიზიკურ მდგომარეობას. ეს ყველა ღონისძიება საჭიროა იმისთვის, რომ დამყარდეს პოლიტიკური ინსტიტუტების დემოკრატიული საფუძველი და საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდეს, მოიპოვოს ევროკავშირის წევრობა, რაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ის გაცხადებული ნებაა." - განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა.

27 აპრილს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე დებატები გაიმართა. დებატების გამართვის ინიციატივით კონსერვატიული პარტიის წევრი ადამ ჰოლოუეი გამოვიდა.