ჰერბსტი: ტრამპს უთქვამს, თუ რუსეთი წესებით არ ითამაშებს, უკრაინას მეტ შეიარაღებას გადასცემს

ჰერბსტი: ტრამპს უთქვამს, თუ რუსეთი წესებით არ ითამაშებს, უკრაინას მეტ შეიარაღებას გადასცემს

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის და ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარის, ჯონ ჰერბსტის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე "წესების მიხედვით არ ითამაშებს", ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, უკრაინას Tomahawk-ის ტიპის რაკეტებიც გადასცეს.

როგორც ჰერბსტმა The Times-ის რადიოსთან საუბარში აღნიშნა, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, შესაძლოა, უკრაინას უფრო ძლიერი შეიარაღება მიაწოდოს, თუმცა ამის წინაპირობა არსებობს.

"ტრამპს აქამდე უთქვამს, რომ თუ მოლაპარაკებების დროს რუსეთი წესების მიხედვით არ ითამაშებს, ჩვენ უკრაინას იმაზე უფრო მეტ შეიარაღებას გადავცემთ, ვიდრე ოდესმე. თუ ეს ასე მოხდება, შესაძლოა, რომ Tomahawk-ების [გადაცემასაც] განიხილავდეს... მას [ტრამპს] რამდენჯერმე უთქვამს, რომ სურს, შეთანხმების მისაღწევად უკრაინა უფრო მოქნილი იყოს და ამ კონტექსტში ტერიტორიების დათმობაც უხსენებია. ის მზად არის, უკრაინისთვის დახმარების გადაცემაზე უარი თქვას, რათა ის უფრო მორჩილი გახადოს.

ასევე უთქვამს, რომ პუტინმა ისეთ შეთანხმებაზე უნდა იმუშაოს, რომელიც სამართლიან და სტაბილურ მშვიდობამდე მიგვიყვანს და არა რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობამდე. თუ რუსეთს არ უნდა ამის გაკეთება, [ტრამპის ადმინისტრაციას] მოუწევს, რომ იმაზე მეტი შეიარაღებით უზრუნველყოს უკრაინა, ვიდრე ოდესმე მომხდარა", - აღნიშნა ჰერბსტმა.