ჰელსინკის კომისია: თუ სახ.დეპი დაადასტურებს გაყალბებას, მკაფიო განცხადება უნდა გააკეთოს

ჰელსინკის კომისია: თუ სახ.დეპი დაადასტურებს გაყალბებას, მკაფიო განცხადება უნდა გააკეთოს

არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ზე განცხადებით ეხმაურება.

ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ არჩევნები გაყალბდა და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ამაზე მკაფიო განცხადება უნდა გააკეთოს.

"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა ამ უქმეებზე საქართველოში არჩევნების ვალიდურობის შესახებ.

როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს, იყო სანდო ცნობები ამომრჩეველთა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და შევიწროებაზე, ასევე ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის დარღვევაზე.

თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, მან უნდა გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნები "ტოტალურად გაყალბდა" და არ აღიარებს მათ შედეგებს. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით.

დღეს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებები ყურადღებით შეისწავლოს.