ჰელსინკის კომისია: ოცნება ცდილობს, დამალოს კორუფცია და დანაშაულები პრესის ჩახშობით

ჰელსინკის კომისია: ოცნება ცდილობს, დამალოს კორუფცია და დანაშაულები პრესის ჩახშობით

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობას X-ზე პოსტით ეხმაურება.

"ქართული ოცნება ცდილობს დამალოს კორუფცია და დანაშაულები ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისუფალი პრესის ჩახშობით. ისინი ცდილობენ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გაჩუმებას, რომელიც იანვრიდან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება", - წერს ჰელსინკის კომისია.

გუშინ, 21 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა საპროცესო შეთანხმებაზე და თქვა, რომ დაცვის მხარეს აქამდე მათთვის საპროცესო შეთანხმებისთვის არ მიუმართავს.

"მათი მზადყოფნის შემთხვევაში ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ განვიხილოთ [საპროცესო შეთანხმება]“ – თქვა მან და Netgazeti-ს თანახმად, დასძინა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძეც თანახმაა.

საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითვალისწინებს, რომ მზია ამაღლობელმა აღიაროს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარდგენილი ბრალდება.

მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სხდომა პირველ აგვისტოს გაიმართება.