ჰავაის კუნძულ მაუიზე, ქალაქ ლაჰაინაში ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა. ქალაქი განსაკუთრებით დაზარალდა, რადგანაც შორეული ქარიშხლისგან წამოსულმა ქარმა ხანძრის გავრცელებას შეუწყო ხელი.
ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ქალაქის რამდენიმე კვარტალი. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ზოგიერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
"ძლივს მოვასწარით. ძალიან რთული იყო იმის ყურება, როგორ იწვოდა ფერფლად ჩემი ქალაქი და მე ვერაფერს ვაკეთებდი", - თქვა კამუიელა კავააკოამ, რომელიც თავშესაფარში პარტნიორთან და 6 წლის შვილთან ერთადაა.
მაუიზე ევაკუაციისთვის 5 თავშესაფარი მოაწყვეს. ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი გადავსებულია. სამშაბათს ხანძრის დაწყების შემდეგ ათასობით ადამიანი დაშავდა.
"ჩვენ გვქონდა ყველაზე საშინელი კატასტროფა, რაც კი ოდესმე მინახავს. ლაჰაინა მთლიანად დამწვარია. ეს აპოკალიფსს ჰგავს", - განაცხადა Reuters-თან რეზიდენტმა მაისონ ჯარვი. მან დამწვრობა მიიღო მას შემდეგ, რაც ძაღლის გადასარჩენად ველოსიპედით ცეცხლში გაიარა.