ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. ეს აშშ-ის ისტორიაში ბოლო 100 წელში ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სამსახურის ცნობით, ლაჰაინას დასახლებაში ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის დაახლოებით 5.5 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო. ქალაქში 2 200 შენობა და სისტემა დაზიანდა ან განადგურდა, ხოლო 850 ჰექტრის ფართობის ტერიტორია დაიწვა.
ჰავაის გუბერნატორის თქმით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არიან შეამოწმონ შტატის საგანგებო სიტუაციების შეტყობინების სისტემის გამართულობა, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, შესაძლებელი იყო თუ არა მეტის გაკეთება ვიდრე ცეცხლი მათ საცხოვრებლებამდე მიაღწევდა.
პირველი ხანძარი მაუიზე 8 აგვისტოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ლაჰაინაში ხანძრის 85% ლოკალიზებულია.