ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის მიმდებარე დასახლება კფარ აზაში ჰამასის მებრძოლებმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. კერძოდ, თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ჰამასის წევრებმა, თავდასხმების დროს ქალები, ბავშვები, მოხუცები "ISIS-მეთოდებით, სასტიკად დახოცეს".
IDF-ში მოკლული ადამიანების ზუსტ რაოდენობას ვერ ადასტურებენ და მათი მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობენ.
"ჩვენ ვიცით, რა საზარელი ქმედებების ჩადენა შეუძლია ჰამასს", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
IDF ამ განცხადებით, ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო მედიის, I24-ის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ღაზას სექტორთან ერთ-ერთ დასახლებაში, სადაც ისრაელის სამხედროები შევიდნენ, მოკლული ბავშვების ცხედრები იპოვეს. მედია წერდა, რომ ნაპოვნია 40 ბავშვის ცხედარი, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაუდასტურებიათ.
მანამდე, ისრაელის გენერალმა CNN-ს განუცხადა, რომ კფარ აზაში ისეთი რამ ნახა, "რაც 40-წლიანი სამსახურის განმავლობაში, არასდროს უნახავს და ვერასდროს წარმოიდგენდა".
ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.