ჰამასის მტკიცებით, ავიაიერიშის შედეგად 2 მძევალი მოკვდა - ისრაელი უარყოფს

ჰამასის მტკიცებით, ავიაიერიშის შედეგად 2 მძევალი მოკვდა - ისრაელი უარყოფს

ჰამასი ამტკიცებს, რომ ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ორი მძევალი დაიღუპა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც თითქოსდა მოკლული მძევლები არიან ასახულნი.

ისრაელი უარყოფს, რომ მძევლები ავიაიერიშის შედეგად დაიღუპნენ. თავდაცვის მინისტრმა ჰამასი "ფსიქოლოგიურ ძალადობაში" დაადანაშაულა.

BBC წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ქალი, სახელად ნოა არგამანი, ზეწოლის ქვეშ ამბობს, რომ ორი კაცი, რომლებთან ერთადაც იყო დატყვევებული, მოკვდნენ. მისი თქმით, კაცები - რომელთაგან ერთ-ერთი იდენტიფიცირებული იყო, როგორც 38 წლის იტაი სვირსკი - მოკლეს "ჩვენი ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმებმა".

როდის არის ვიდეო ჩაწერილი უცნობია.

ჰამასის მტკიცების საპასუხოდ თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ მძევლები ისრაელის დარტყმების შედეგად არ დაღუპულან.

"ეს ჰამასის ტყუილია. შენობა, რომელშიც ისინი ჰყავდათ დაკავებული, მიზანი არ ყოფილა", - განაცხადა ჰაგარიმ.

კიდევ ერთი ვიდეო ჰამასმა გაავრცელა ერთი დღით ადრე, კვირას. ჩანაწერში 26 წლის არგამანი ორ მძევალ კაცთან ერთად არის, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ისინი ცოცხლები იყვნენ. ქალი ისრაელის მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტონ შეტევა და მათი გათავისუფლება მოითხოვონ.

ვიდეოჩანაწერი სრულდება წარწერით: "ხვალ [ორშაბათს], ჩვენ მათი ბედის შესახებ შეგატყობინებთ".