ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე ამბობს, რომ ღაზას სექტორზე ისრაელის საჰაერო შეტევის შედეგად მისი სამი ვაჟი მოკლეს. ისრაელის სამხედროებმა თავდასხმა დაადასტურეს და ჰანიეს შვილებს ჰამასის შეიარაღებული ფრთის მებრძოლები უწოდეს.
ჰანიეს შვილები - ჰაზემი, ამირი და მოჰამედი - ღაზაში, ალ-შატის ბანაკში მათი მანქანის აფეთქებისას მოკლეს. ჰამასის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ასევე დაიღუპა ჰანიეს ოთხი შვილიშვილი - სამი გოგო და ერთი ბიჭი.
შვილიშვილების დაღუპვაზე კითხვის საპასუხოდ ისრაელის მხარემ განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
ჰანიე, რომელიც ამჟამად კატარში იმყოფება, ჰამასის საერთაშორისო დიპლომატიის სახეა. მისი სახლი ღაზაში ჯერ კიდევ ნოემბერში ააფეთქეს.
"ჩემი ვაჟების სისხლის ჩვენი ხალხის სისხლზე ძვირფასი არაა", - თქვა ჰანიემ, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, 13 შვილი ჰყავს.
ახლობლები ამტკიცებენ, რომ ჰანიეს სამი შვილი და შვილიშვილები მუსლიმურ დღესასწაულთან დაკავშირებით ღაზაში ოჯახის წევრებს სტუმრობდნენ.
ჰამასმა სამშაბათს განაცხადა, რომ სწავლობს ისრაელის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაგრამ ის მიუღებელია და პალესტინელების არც ერთ მოთხოვნას არ პასუხობს.
"ჩვენი მოთხოვნები ნათელი და კონკრეტულია და უკან არ დავიხევთ. მტერი ცდება, თუ ფიქრობს, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ჩემს შვილებზე თავდასხმა და მანამდე სანამ მოძრაობა პასუხს გაგზავნის, ჰამასს პოზიციის ცვლილებისკენ უბიძგებს", - განაცხადა ჰანიემ.