ჰამასი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა

ჰამასი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა

Reuters ანონიმურ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმების პირველი ეტაპიდან 16 დღის შემდეგ, ჰამასი აშშ-ის წინადადებას დათანხმდა, დაიწყოს მოლაპარაკებები ისრაელელი მძევლების, მათ შორის ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ.

წყაროს ცნობით, ჰამასმა უარი თქვა მოთხოვნაზე, რომ ისრაელთან ჯერ ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის შეთანხმება დადებულიყო და ამის მისაღწევად ექვსკვირიან მოლაპარაკებებს გაუხსნა გზა.

გამოცემის ცნობით, წინადადება, რომელსაც ჰამასი დათანხმდა, ცეცხლის დროებით შეწყვეტას, დახმარების მიწოდებას და ისრაელის ჯარების გაყვანას უზრუნველყოფს იქამდე, სანამ შეთანხმების მეორე ეტაპისთვის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაგრძელდება.

1 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა ისრაელის სამეტაპიანი წინადადება მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ბაიდენის თქმით, დროა "ეს ომი დასრულდეს". მისმა წინადადებამ კი ჰამასში დადებითი რეაქცია გამოიწვია.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის მუდმივად შეწყვეტის შეთანხმება იქამდე ვერ შედგება, სანამ ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობები სრულად არ განადგურდება.