ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიას თქმით, საომარი მოქმედებების დასრულების გარეშე ისრაელთა მძევლების შესახებ მოლაპარაკებებს არ აპირებს.
"ჩვენ ვაცნობეთ ყველა მხარეს, რომლებიც დაგვიკავშირდნენ მტრის მძევლებთან დაკავშირებით, ეს საქმე ბრძოლის დასრულებამდე არ გაიხსნება. და ეს იქნება მხოლოდ იმ ფასად, რომელსაც წინააღმდეგობა მიიღებს", - განაცხადეს ჰამასში.
გაეროში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით ღაზის სექტორში ტერორისტების ტყვეობაში 100-დან 150-მდე ადამიანი რჩება.
ცნობილია, რომ სამხედროებმა კონტაქტი უკვე 50 მძევლის ოჯახთან დაამყარეს, ხოლო ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, "სახელმწიფო უფრო მეტ ოჯახს დაუკავშირდება", თქვა ისრაელის სამხედრო სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.
გარდა ამისა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 700-ს აღემატება, რომელთა შორის 200-ზე მეტი ქალი და ბავშვია.
მათივე განცხადებით, მხოლოდ გუშინ ტერორისტულ შეტევებს 300-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპილთა ორი-მესამედი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
რაც შეეხება დევნილთა რაოდენობას, გაეროს თქმით, ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულთა საერთო რაოდენობა 187 000-ს შეადგენს, ხოლო 137 000 მათგანი გაეროს 83 სკოლაში აფარებს თავს. ორგანიზაცია ამ დროისთვის დევნილთათვის მთავარ პრობლემად საველე ოფისებზე თავდასხმებს ასახელებს, რაც საკვები რაციონის ნაკლებობას იწვევს.
***
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს. ისრაელში აცხადებენ, რომ პირველი თავდასხმისას 2200-მდე რაკეტა იყო.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა.
ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა".