საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებულ განცხადებას ტყუილს და მანიპულაციას უწოდებს.
"გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მორიგ ცილისწამებას სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტთან დაკავშირებით. პარტიის წარმომადგენლები, მიუხედავად არაერთი საჯარო განმარტებისა, ყოველგვარი დასაბუთების, მტკიცებულების ან ფაქტის გარეშე, აგრძელებენ ტყუილი ბრალდებების გავრცელებას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისა და სახელმწიფო უწყების დისკრედიტაციის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების თქმით, მდინარე რიონზე, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდის ორი მალის ნაშენის ჩამოშლის მიზეზებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ამასთან, აღნიშნავენ, რომ დაზიანებულ ხიდზე ჩასატარებელი საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
"ტყუილი და მანიპულაციაა ისიც, რომ თითქოს სამტრედია-გრიგოლეთის პროექტის განხორციელების პერიოდში, პროექტის ღირებულება ოთხჯერ არის გაზრდილი. სწორედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ოპონენტები პროექტით გათვალისწინებული ერთი მონაკვეთის ღირებულებას ადარებენ პროექტის ოთხივე მონაკვეთის ღირებულებასთან, რაც ბუნებრივია, მეტი იქნება ერთი მონაკვეთის ღირებულებაზე", - აცხადებს გზების დეპარტამენტი.
ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე გრიგოლეთი-სამტრედიის საავტომობილო მაგისტრალზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების "კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში" 9 წელია ამ გზის მშენებლობაზე საუბარი უწევთ. მისი თქმით, 2013 წლიდან სამი კომპანია გამოიცვალა, თუმცა ეს სამუშაოები კეთილსინდისიერად ვერც ერთმა ვერ შეასრულა.
გუშინ პრობლემები შეიქმნა გზებზე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, გზის აღდგენის სამუშაოები კი "უმოკლეს ვადებში დაიწყება". ამასთან, გავრცელა ინფორმაციამ რომ გზა ჩამოიშალა ონშიც, რის შედეგადაც მოძრაობა პარალიზებული იყო.