ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის სახელზე ოფიციალური წერილი შეიტანა და მისი შეწყალება კიდევ ერთხელ მოითხოვა. მათი თქმით, მიუხედავად პრეზიდენტის პირადი შეხედულებებისა, მან სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გვარამია გაათავისუფლოს.
"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის სახელით ჩვენ შევიტანეთ წერილი პრეზიდენტის სახელზე, რომლითაც კიდევ ერთხელ წარმოვადგენთ ჩვენს დასაბუთებას და ვთხოვთ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია. თან დავურთეთ საქმის მასალები, ორივე ინსტანციის განაჩენი. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაპელირებთ ნიკა გვარამიას უდანაშაულობაზე, იმაზე, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი.
მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ამას საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ იხელმძღვანელოს, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესით, პოლიტიკური მიზანშეწონილობით და მიუხედავად თავისი პირადი შეხედულებების ამ საქმესთან დაკავშირებით, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია", - განაცხადა გვარამია თავისუფლების მოძრაობის წევრმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.