გვარამია პრეზიდენტზე: მზად ვართ, ლეგიტიმაციის ეს ბოლო ფორპოსტი დავიცვათ ნებისმიერი გზით

გვარამია პრეზიდენტზე: მზად ვართ, ლეგიტიმაციის ეს ბოლო ფორპოსტი დავიცვათ ნებისმიერი გზით

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 29 დეკემბერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის უფლებამოსილება არ შეწყდება, რადგან მისივე თქმით, არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელსაც ლეგიტიმური პრეზიდენტის არჩევა შეუძლია.

გვარამიას თქმით კოალიცია მზადაა, პრეზიდენტის ლეგიტიმაცია ნებისმიერი გზით დაიცვან.

"მე გეტყვით, რა არ მოხდება და არც უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში 29 დეკემბერს - სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება არ შეწყდება. რატომ? მიუხედავად იმისა, რომ დადგენილი კონსტიტუციური ვადა ამოწურულია, კონსტიტუციური მთავარი დებულება არის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე, ანუ როცა ის დადებს ფიცს. ჩვენ ახალი პრეზიდენტი არ გვყავს იმ უბრალო მიზეზით, რომ დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი და ხმოსნები და შესაბამისად, როცა არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, ვერ იარსებებს მის მიერ ლეგიტიმურად განხორციელებული ვერანაირი ქმედება, იქნება ეს ვინმეს არჩევა პრეზიდენტის და მთავრობის ჩათვლით, თუ ნორმატიული აქტი. შესაბამისად, 29 დეკემბრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას, ვიდრე ამ ქვეყანაში არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლება არ შეიცვლება დემოკრატიული გზით...

მე ვარ მზად, ისევე როგორც ბევრი ჩემი მეგობარი, ჩვენი კოალიცია და დარწმუნებული ქართველი ხალხი და სხვა პროდასავლური პარტიები და კოალიციები, მზად ვართ, რომ ლეგიტიმაციის ეს ბოლო ფორპოსტი დავიცვათ ნებისმიერი გზით"- თქვა გვარამიამ.

29 დეკემბერს ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დასმული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება.