გვარამია: მე ხვალ ჩემს სასამართლო პროცესზე არ ვიქნები

გვარამია: მე ხვალ ჩემს სასამართლო პროცესზე არ ვიქნები

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე გამოცხადებას არ აპირებს. ეს განცხადება მან TV პირველის ეთერში გააკეთა.

"მე ხვალ ჩემს პროცესზე არ ვიქნები, პირველ რიგში, ეს მინდა გითხრათ, ამიტომ მე იქ არაფერს არ ვიტყვი. მთავარი ჩემი სათქმელია - თავისუფლება საქართველოს, საქართველო არის ევროპა, თავისუფლება სინდისის პატიმრებს და ძირს ოლიგარქია, ოლიგარქია უნდა დაემხოს.

ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი და მთელი ცხოვრება ამას ვამბობდით ჩემი წინაპრები, თქვენი წინაპრები, მთელი თაობები ისტორიის განმავლობაში და მე მგონია, რომ დღეს ნიკა გვარამიაც, ინგა გრიგოლიაც და ყველანი, ვისაც პატივისცემა გვაქვს ჩვენი ისტორიის, ზუსტად ერთსა და იმავე რამეს ვამბობთ და ეს გაგვაერთიანებს ყოველთვის - ჩვენი სამშობლოს ევროპული ინტერესი", - თქვა ნიკა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში.

17 აპრილს ნიკა გვარამიას სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გირაო მას ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო შეეფარდა. ის პროკურატურაში 11 აპრილს დაიბარეს და ბრალდება წარუდგინეს.

14 მაისს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.

ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.