ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ აქტივისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მათი მიმართვა დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ ადვოკატმა TV პირველთან ისაუბრა.
"სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ განცხადებით 48 საათში, აღკვეთი ღონისძიება როცა დასრულდა და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. გუშინ შევიტყვეთ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო. განჩინება გამოგზავნილია და აქედან გამომდინარე, ჯერ ჩვენამდე არ არის მოსული, გავეცნობით და მერე გიპასუხებთ, რა საფუძვლებით დატოვა ძალაში პატიმრობა", - განაცხადა მან.
დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში საჩივარი 2 აპრილს შეიტანა და აქტივისტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა.
31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.