ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მისი შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
"ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს, არადა არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ არის და არც ყოფილა, ყოველთვის გადიოდა აქციაზე იმის მერე როცა დაინახავდა რობოკოპების ძალის გადამეტებას, უბრალოდ ვერ იტანს უსამართლობას, ამის გამო ბავშვს უმწარებთ ცხოვრებას? მე ვარ ძალიან ცუდად ამ ყველაფერმა ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა, არა უშავს ავიყვან თავს ხელში და ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად, სანამ ჩემი ლაზარე იქნება თავისუფალი... იმედს ვიტოვებ მთავრობა არ გასწირავს ჩემს შვილს"- წერს ბექა გრიგორიადისი.
დღეს საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა.
ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
გრიგორიადის დაკავების შესახებ შსს-ის განცხადების შემდეგ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი".
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.