მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა გია კალანდაძე აცხადებს, რომ აქვს სურვილი, ლაზარეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.
ამის შესახებ ლაზარეს ბაბუამ, გია კალანდაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სავარაუდოდ ლაზარეს საქმე არ ექვემდებარება ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილვას, თუმცა ის საუბრობს პარლამენტში ამ კანონის შეცვლის და გაფართოების ინიციატივის დაყენებაზე.
"ჩემი ბიჭი იყო სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორი საქმისთვის იყო იქ. მე არ ვიცი ეს მართლმსაჯულება როგორ წავა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს….
მე აქედან ყველაფერს ვაკეთებ რისი გაკეთებაც შემიძლია. როგორც მეუბნებიან, ლაზარე, არის მხნედ, ვაჟკაცურად, იქედან მამხნევებს, ბაბუ, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო, ანუ კარგად არის.
მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება ნაფიცი მსაჯულები რომ მონაწილეობდნენ ლაზარეს პროცესში. მგონი, ამ მუხლებს არ ეხება ნაფიცი მსაჯულები და თუ შეიძლება, რომ პარლამენტში ამ ინიციატივით შევიდნენ". - თქვა გია კალანდაძემ.
საქართველოს კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობის, ტრეფიკინგის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებები. პირის ბრალეულობას ან უდანაშაულობას, პროფესიონალი მოსამართლის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები ადგენენ, რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.
31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.