საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს ვიორელ მოშანუს შეხვდა.
სუს-ის განცხადებით, მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიებისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები განიხილეს.
ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.
"ხაზგასმით აღინიშნა ვიორელ მოშანუს და ზოგადად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობის კუთხით გაწეული ძალისხმევა.
ასევე, აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) განსაკუთრებული როლი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში. ყურადღება გამახვილდა მანდატის თანახმად, მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელ საჭიროებაზე", - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, მხარეებს შორის შეხვედრაზე ხაზი გაესვა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.