გრემი: თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას დაურეკონ

გრემი: თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას დაურეკონ

რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მოამარაგოს უკრაინა Patriot-ის სისტემის რაკეტებით.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პრეზიდენტის განცხადება, რომლის მიხედვითაც ის 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთიდან ნავთობს იაფად ყიდულობენ.

"პრეზიდენტ ტრამპის განცხადება - გადაეცეს უკრაინას შეიარაღება ევროპელების მიერ მათი შეძენის გზით, სასიამოვნო ამბავია.

ასევე მნიშვნელოვანი იყო მისი განცხადება, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები 50 დღეში არ დასრულდება, ის 100%-მდე ტარიფებს დააწესებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ და პუტინის საომარ მანქანას უჭერენ მხარს - ამ ნაბიჯით პუტინს დაარტყამს იქ სადაც სტკივა", - განაცხადა გრემმა.

გრემი პუტინსა და მის მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ დაურეკონ ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, თუ აინტერესებთ რა მოხდება ტრამპის სიტყვიდან 51 დღის გასვლის შემდეგ.

"თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, მე ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ.

მე რომ ვიყო ქვეყანა, რომელიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს და პუტინის საომარ მანქანას უჭერდეს მხარს, პრეზიდენტ ტრამპის სიტყვას დავუჯერებდი", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ NATO-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა დადო პირობა, რომ თუ 50 დღეში სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმდება, პუტინის მოკავშირე სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინაში ომის წარმოებას უწყობენ ხელს, თითქმის 100%-იან მეორეულ ტარიფებს დაუწესებს.

ამავე შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის სისტემის 17 რაკეტას გადასცემს, რომელთა უმეტესობა ფრონტზე განლაგდება.