გორში სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მას პოლიცია დაუმორჩილებლობას ედავება.
იოსებ ბაბაევი გორში კაფეს ფლობს, რომლის წინ ქართულმა ოცნებამ სცენა დადგა, საიდანაც დღეს ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვა. სამოქალაქო აქტივისტი, ივანიშვილის ჩამოსვლისთვის სამი დღით ადრე ქალაქში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდა. სწორედ ამას უკავშირებენ დაკავებას მისი მეგობრები.
"არ ვიცი, რამდენ ხანს შეიძლება ამ ყველაფერი ვიცხოვროთ. ჯერ ხომ პარალიზებულია ქალაქი, ახლა ექვს საათზე ჩამობრძანდება პატივცემული [ბიძინა ივანიშვილი] და ექვს საათამდე ყველა გვიწევს ჯოჯოხეთში ცხოვრება. ყველა ადამიანს ანეიტრალებენ. რატომ გაახსენდათ მაინც და მაინც დღეს ბაბაევი, არანაირი მიზეზი არ ექნებათ დაკავებისთვის. ეს არის ადამიანების მიზანმიმართული დაშინება", - ამბობს ბაბაევის ერთ-ერთი მეგობარი.
იოსებ ბაბაევი გორში 5 ივნისსაც დააკავეს. მაშინ საქმე იარაღის უკანონ ტარებას ეხებოდა. მაგრამ სასამართლომ დაუშვებლად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბაბაევი გაათავისუფლა.
მოსამართლემ უკანონოდ შეაფასა აქტივისტის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და დაუშვებლად მიიჩნია ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, რადგან მოსამართლის განმარტებით, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარდა.
მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ გორის რაიონული სასამართლოს განჩინება შეცვლა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ვერსიით ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი უკანონოდ ცნო, ხოლო ავტომანქანიდან ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩინა. პროკურატურას ბრალის წაყენებისა და გამოძიების თავიდან დაწყების საშუალება მიეცა.