გონჩარენკო: როცა ოცნება დაგვანახებს, რომ უკრაინის მოკავშირეა, მაშინ გაუმჯობესდება ურთიერთობა

გონჩარენკო: როცა ოცნება დაგვანახებს, რომ უკრაინის მოკავშირეა, მაშინ გაუმჯობესდება ურთიერთობა

"როცა ხელისუფლება დაანახებს ყველას, რომ უკრაინის მოკავშირეა, მაშინ გაუმჯობესდება ურთიერთობები" - ასე პასუხობს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო საქართველოს ხელისუფლების განცხადებას უკრაინასთან "ურთიერთობის ნორმალიზებაზე".

ის ამბობს, რომ ამჟამად უკრაინას საქართველოს ხელისუფლებასთან "თითქმის არანაირი ურთიერთობა არ გააჩნია", რადგან მისივე თქმით, "საქართველო არ ებრძვის რუსეთს და ამის ნაცვლად, ულტიმატუმებს უყენებს უკრაინას".

"ჩვენ გვაქვს განსხვავებული ურთიერთობა ქართველ ხალხთან. ვიცი, რომ ისინი უკრაინას უჭერენ მხარს და არავითარი ურთიერთობა არ გაგვაჩნია თითქმის საქართველოს ხელისუფლებასთან. იმიტომ რომ, საქართველო არ ებრძვის რუსეთს და ამის მაგივრად ულტიმატუმებს უყენებენ უკრაინას. შეიძლება ვინმემ ამიხსნას, რა ლოგიკაა ამის უკან? სამწუხაროდ, ეს გახლავთ დღესდღეობით ურთიერთობის დონე, რომელიც დღეს გაგვაჩნია.

როდესაც საქართველოს ხელისუფლება დაანახებს ყველას, რომ ის გახლავთ უკრაინის მოკავშირე, თავისუფალი სამყაროს ნაწილი, უკრაინის მეგობარი, როდესაც გამოუშვებენ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვეტენ პუტინის რუსეთის დახმარებას ჩვენ გაგვიუმჯობესდება ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოსთან კონფლიქტი არ გვჭირდება, პირიქით, ჩვენ საერთო მტერი გვყავს და რაც უფრო სწრაფად დაამარცხებს მტერს უკრაინა, მით უფრო სწრაფად აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც. ძალიან მარტივი ფორმულაა", - ამბობს გონჩარენკო.

***

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, "ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია", უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს ენმ-ს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც მთავრობა "დამნაშავეებს" უწოდებს და რომლებიც ამჟამად უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

ამის საპასუხოდ ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ საქართველოსთან "ურთიერთობის ნორმალიზების" სამი პირობა დაასახელა, ეს პუნქტები გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტასა და რუსეთისთვის სანქციების არიდების ნაწილში დახმარების შეწყვეტას.