გოგა რაზმაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ის ფეისბუქზე წერს, შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დისციპლინური სახდელი შეუფარდეს.
"გენერალურმა ინსპექციამ ჩათვალა, რომ სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებსა და ჩემს მიმართ შევიწროებაზე საჯაროდ საუბარი შსს-ს მინისტრის მოადგილისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დისკრედიტაციას და სამინისტროს რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად.
გარდა იმისა, რომ გენერალურმა ინსპექციამ ცალმხრივად, ფაქტების არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, იგი დაეყრდნო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის დასკვნას, რომელთაგან ერთმა აშკარა დანაშაულებრივი ნიშნების შემცველ ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება, ხოლო მეორემ არ დაადგინა ჩემს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროების ფაქტი", - წერს რაზმაძე.
***
12 ივლისს გოგა რაზმაძემ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, Facebook-ზე გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც ისაუბრა სამინისტროში დისკრიმინაციის და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტზე.
გოგა რაზმაძის თქმით, 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურს მიმართა და განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მტკიცებულებების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) განადგურების თავიდან ასაცილებლად.
28 ივლისს, გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა.
აღნიშნული საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა. 30 ოქტომბერს ომბუდსმენის მიერ საქმის შეწყვეტის შესახებ თავად გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა. რაზმაძე აცხადებდა, რომ იოსელიანის მიერ საქმის შეწყვეტის დასაბუთება "სამარცხვინოა".
მისივე ინფორმაციით, იოსელიანმა საქმის შესწავლისას რაზმაძის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ასევე, არ გამოკითხა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის მოწმე არცერთი პირი.