გოდოლაძის თქმით, მასზე ძალადობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში საჩივარი შეაქვს

გოდოლაძის თქმით, მასზე ძალადობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში საჩივარი შეაქვს

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, ხვალ, 11 სექტემებერს პროკურატურას საჩივრით მიმართავს, რათა გამოიძიონ მის მიმართ 2021 წლის ივლისში მამა-შვილ თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობა. გოდოლაძის თქმით, თეიმურაზ შერგელაშვილი მისი ყოფილი პარტნიორია.

გოდოლაძე წერს, რომ ძალადობის ფაქტზე მასალები პროკურატურას 4 სექტემბერს მიაწოდეს, თუმცა რეაგირება არ მოხდა.

"პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, ისევ მიწევს თქვენი შეწუხება ჩემს პირად საკითხთან დაკავშირებით. უამრავი პრობლემაა ქვეყანაში.

ჩემი ადვოკატები ლიკა ბითაძე, ნინო ანდრიაშვილი და მე ხვალ, ორშაბათს, 2023 წლის 11 სექტემბერს დილის 11 საათზე შევიტანთ საჩივარს, საქართველოს გენერალური პროკურორის, ბატონ ირაკლი შოთაძის სახელზე.

საჩივარი ეხება ჩემს მიმართ, 2021 წლის ივლისში მამა-შვილი, თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის დაუყონებლივ დაწყებას (ასევე საჩივარში სხვა დანაშაულის მამხილებელი გარემოებებია, რომლის შესახებაც საჯარო სივრცეში საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია).

ამა წლის 14 აგვისტოსა და 4 სექტემბერს, აღნიშნულ ფაქტზე მასალები გავუცვალეთ პროკურატურას და დღემდე რეაგირება არ არის. პირიქით, ცალმხრივად, რუსთავი2 -ის მეშვეობით, ამა წლის 22 აგვისტოს ინფორმაცია გავრცელდა სავარაუდოდ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატების, შალვა ხაჭაპურიძის და ნინო ბარაჩაშვილის მიერ", - წერს გოდოლაძე.

22 აგვისტოს რუსთავი 2-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული და 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გოდოლაძემ ამ ინფორმაციას "შეთითხნილი ბრალდება" უწოდა. გოდოლაძის თქმით, ყოფილი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი თავად იყო. გოდოლაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ ყველაფრით მის გაჩუმებას ცდილობს.