გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა: ბერძენიშვილის ცემა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა

გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა: ბერძენიშვილის ცემა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა

გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის ცემა პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა.

პარტიები აცხადებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სისხლის სამართლის დამნაშავეა.

"მას შემდეგ, რაც პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ზუკა ბერძენიშვილი ექსტრემიზმში დაადანაშაულა, აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო ადამიანის მიზანში ამოღება, წაქეზება, რაც, სამწუხაროდ, არც პირველია და არც უკანასკნელი. ხელისუფლება ყოველდღიურად ფიზიკურად უსწორდება კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც რუსულ რეჟიმს დისკომფორტს უქმნიან.

მიუხედავად რეპრესიისა, საზოგადოება უპრეცედენტოდ ერთიანი და უკომპრომისოა. ვერანაირი მუშტი ვერ გააჩერებს ბრძოლას რუსულ რეჟიმთან. ყველამ, ვინც რეჟიმის ბინძურ დავალებას ასრულებს, უნდა იცოდეს, რომ ყველა მათგანის ვინაობა გასაჯაროვდება და კანონის წინაშე, დამკვეთებთან ერთად, აგებენ პასუხს"- ნათქვამია განცხადებაში.

***

აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ. აქტივის სალომე ბარკერის ცნობით, მას ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.

თავდასხმამდე ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული.