გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "პესიმიზმი გონების დონეზე, ოპტიმიზმი ნების დონეზე"

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "პესიმიზმი გონების დონეზე, ოპტიმიზმი ნების დონეზე"

ასე ერთად, აბსოლუტურად მშვიდობიან, ანუ არა ესკალირებულ, არა ექსტრემალურ გარემოში ყველა მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაკავება სრულიად უპრეცედენტოა თვით ავტორიტარული მმართველობის ქვეყნების გამოცდილებაშიც.

როგორც ჩანს, ივანიშვილი და მისი მოსკოველი პატრონები თვლიან, რომ მალე მოუწევთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, ან იმდენად შეიცვლება რეგიონში გეოპოლიტიკური რეალობა, რომ ოპოზიციურ ველზე დარჩენილი, სამწუხაროდ დაგსაქსული და ზოგჯერ ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული ძალებიც კი შეიძლება მნიშვნელოვან მამობილიზებელ ფაქტორებად გადაიქცნენ.

ამიტომაც გადავიდა რეჟიმი დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევის ასეთ აგრესიულ, შეიძლება ითქვას, საბოლოო და კრიტიკულ ფაზაში. დარტყმები ერთდროულად ხორციელდება პარტიების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით, რომელსაც ფონად გასდევს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის სრულიად არაბუნებრივი და უპრეცედენტო შეტევა დასავლეთის დიპლომატიურ კორპუსზე და ზოგადად — დასავლურ ინსტიტუტებზე. ცალკეული პრეცედენტებით იქმნება კლიმატი, რომელშიც არამარტო აქტივისტების, არამედ დაცულობის მაღალი გარანტიების მქონე დიპლომატიური წარმომადგენლობების ფიზიკური უსაფრთხოებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

მიზანია ისეთი საყოველთაო განწყობის პროეცირება, რომლის შედეგადაც უნდა გაჩნდეს განცდა, რომ საქართველოს დასავლეთთან არანაირი კავშირი აღარ აქვს და რომ აქ მედასავლეთე ქართველების ადგილი საერთოდ არ არის.

პარალელურად, ლიდერების იზოლაციის მიზანია საჯარო პოლიტიკის ველი მთლიანად მოსუფთავდეს. უნდა დარჩეს მხოლოდ სტერილური, ავტორიტარული სისტემის თამაშის წესებს სრულად დამორჩილებული სუბიექტები, რომლებიც ფორმით შეიძლება მსგავსებას ატარებდნენ, მაგრამ საერთო არაფერი აქვთ რეალურ, სისტემასთან შეუგუებელ პოლიტიკურ შინაარსთან.

უკვე დაკავებულ, ან დასაჭერად გამზადებულ პოლიტიკურ ლიდერებს ბევრი რამ აქვთ საერთო, ისევე როგორც პერსონალური თავისებურება. ასეა ახლად მისჯილ-დაკავებულებთან მიმართებაშიც.

დღეს პირველი, ვისზეც განაჩენი გამოცხადდა, უკვე პატიმრობაში მყოფი ზურა ჯაფარიძე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზურა ვცდილობს სხვებს მიცეს მხნეობისა და შეუგუებლობის მაგალითი, ბევრმა შეიძლება არ იცის, რამდენად მძიმეა მისთვის მისი ცხოვრების ამ კონკრეტულ მონაკვეთში პატიმრობაში ყოფნა.

ვიცი, რა მდგომარეობაშია მისი ასაკოვანი დედის ჯანმრთელობა — არა ქართველობის, უბრალოდ ზოგადსაკაცობრიო ადამიანური მორალისა და ემპათიის მქონე ადამიანისთვის რთულად ასახსნელი არ უნდა იყოს, თუ რა ცეცხლი ტრიალებს ახლა მის გულში და გონებაში, როდესაც დედის გვერდით ყოფნას ვერ ახერხებს.

ეს სიმწარე ისეთია, რომ მის გამოცდას, როგორც ქრისტიანი ადამიანი, ზურას ასე უდანაშაულოდ ციხეში გამომწყვდევ პოლიტიკურ და სამართლებრივ გადაწყვეტილების მიმღებებს და მათი ოჯახის წევრებსაც კი არ ვუსურვებდი.

დღეს, ძლიერი საქართველოს ოფისში მისულ საპატრულო პოლიციის რაზმებს — ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილით დაწყებული — თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დახვდა. აქამდე ერთმანეთთან დალაპარაკებისა და შეთანხმების, საერთო ფოტოს გადაღების პრობლემების მქონე პარტიული ლიდერები გარემოებამ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ივანიშვილის სატუსაღოში გარკვეული პერიოდი ერთად დროის გატარება მოუწევთ, სადაც უკვე იმასაც ვერ გადაწყვეტენ, ერთ საკანში იქნებიან თუ ცალცალკე...

თუმცა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ციხეში განწესება განსხვავებული პერსონალური ისტორიის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში პოლიტიკოსების პატიმრობა პოლიტიკურ ლიდერებად კურთხევის ერთგვარი აუცილებელი წინაპირობა გახდა, მამუკას და ბადრის შემთხვევაში, ბიძინა თავისდაუნებურად ძალიან მნიშვნელოვან საჩუქარს უკეთებს მისგან ასე მოძულებულ, ერთ დროს ქართული ბიზნესის გამოკვეთილ ლიდერებს.

მიუხედავად უკიდურესად ტურბულენტურ პერიოდში მღელვარე ტალღებში მოქცეულ პოლიტიკურ გემზე აღმოჩენისა, სადაც მათ სიმამაცისა და გაბედულების არაერთი მაგალითი უჩვენებიათ საზოგადოებისათვის, ბიზნესმენობის და ბანკირობის შლეიფი ყოველთვის დომინირებდა მათ, როგორც პოლიტიკური ლიდერების პროფილზე — და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არცთუ ყოველთვის პოზიტიურად.

„ლელოს“ ლიდერების აბსურდული ბრალდებებით ციხეში გაშვებით, ქვეყნის გარუსების პოლიტიკასთან დემონსტრაციული და თანმიმდევრული შეუგუებლობით, ისინი ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებენ.

თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე პერსონალური თავისუფლების მსხვერპლად გაღება ნამდვილი პოლიტიკური ლიდერებისთვის დამახასიათებელი ისეთი ნაბიჯია, რომელიც დაუჯილდოებელი საზოგადოებისგან არ დარჩება და მათდამი ნდობას მხოლოდ გაზრდის.

„ლელოს“ ლიდერების, ისევე როგორც „ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გახარიას ციხისთვის გამეტება სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული მოვლენაა — არამარტო ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლებსაც დემოკრატიული სტაბილიზაციის გარკვეული იმედები ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ და ივანიშვილის ბიჭების მიერ გამოვლენილ რადიკალიზმს ბიძინას დროებითი, ტაქტიკური სვლების ნაწილად მიიჩნევდნენ.

„ნაცური“ წარსულის არმქონე, ცენტრისტული პოზიციების მქონე ე.წ. შუაშისტურად განწყობილი ელექტორატის ინტერესების გამომხატველი ჯგუფების ლიდერების დაპატიმრება და მეტიც — 15-წლიანი მუხლის წაყენება მთლიანად ცვლის რეალობის აღქმას და მოლოდინებს:

პირველ რიგში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი ხდება, რომ როცა კრიტიკულად განწყობილ, მაგრამ მაინც ამ მძიმედ დაზიანებულ, თუმცა საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მომხრე ლიდერებსაც ციხეში უშვებენ — ამის გამკეთებლებთან რაიმე ტიპის კონსენსუსურ მოლაპარაკებებზე ფიქრს აზრი ეკარგება და ასეთ რეჟიმთან სხვა ენაზე საუბარი და მოქმედებაა საჭირო;

საჯარო სექტორი, რომელიც ხედავს, რომ „ნაცური“ წარსული მართლა არაფერ შუაშია და საკმარისია, რამე გააკეთო, რაც საქართველოს ინტერესშია და პროფესიული სინდისი გკარნახობს და ავტომატურად რუსს არ მოეწონება — ბიძინას რეჟიმისთვის უკვე მიუღებელი ხდები და რეპრესიას ექვემდებარები;

ეს პატიმრობები ასევე გზავნილია ბიზნესსაზოგადოებისთვის, რომელიც ხვდება, რომ არანაირი შუალედური, ტრანზაქციული მოდელი არ იმუშავებს — ან ფეესბეშნიკური, კრიმინალური, მაფიოზური სისტემა, სადაც არავის ქონება, კაპიტალი, ბიზნესი, თავისუფლება და თვით სიცოცხლეც კი დაცული არ იქნება, და სადაც ჯერ კიდევ შეიძლება ფულის კეთება, თუმცა შვილების გაზრდა უკვე აღარ — იმ აბსოლუტურად რეალური პერსპექტივით, რომ ეს ქვეყანა ამ ტრაექტორიით კიდევ უფრო გაღარიბდება და ფულის კეთებაც შეუძლებელი გახდება.

ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კლიმატია. ცივი სამოქალაქო ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის, რასაც, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან შექმნილი ვითარების ხელახლა გააზრება და, რაც მთავარია, საერთო სტრატეგიაზე ჩამოყალიბება და შეთანხმება სჭირდება.

რაც უფრო მკაცრია რეპრესია, მით უფრო მკაფიო ხდება ამ სისტემის გარდაუვალი დასასრული — და მით უფრო ახლოვდება ახალი ეტაპი, სადაც ძალადობას ერთიანობა, შიშს კი მოქმედება დაამარცხებს.

შესაძლოა, რეპრესიების ეს ტალღა ბევრ თქვენგანს პესიმისტურ განწყობაზე გაყენებთ, მაგრამ დაპატიმრებული ლიდერების ადგილი არ დარჩება ცარიელი — მათ ადგილს დაიკავებენ მოქალაქეები, რომლებიც ხედავენ, რომ დუმილი უკვე დანაშაულია.

ზუსტად ეს მძიმე ნაბიჯები შეიძლება გახდეს საზოგადოების გაღვიძების გადამწყვეტი კატალიზატორი.

„პესიმიზმი გონების დონეზე, ოპტიმიზმი ნების დონეზე.“ — ცნობილი მოაზროვნის ეს სიტყვები დღეს უკვე უკიდურესად შეზღუდული არჩევანის ფონზე პოზიციის აუცილებლობას გამოხატავს.

ერთობის, ერთიანი ნების და მოქმედების დროა — მანამ, სანამ თავისუფლებას კიდევ აქვს შანსი.