გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პატივის - ცემა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: პატივის - ცემა

პატივი გვეცით, თორემ გცემთ, დაგაჯარიმებთ და დაგიჭერთ!

კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ ცენზურის ამოქმედების პარალელურად, ხელისუფლებამ დღის წესრიგში კიდევ ერთი შეზღუდვა დააყენა — ამჯერად მოქალაქეებისთვის.

კარგა ხანია მმართველი პარტია კრიტიკას აღარ პასუხობს პოლიტიკურად — ახლა კი ის მის სამართლებრივად ჩახშობას შეეცდება.

"ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ თებერვალში შეიტანა ცვლილებები კანონში, რომლითაც მოქალაქეს საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარის გამო შეიძლება დაეკისროს ჯარიმა, ან დაემუქროს პატიმრობა. დღეს მათ უკვე კონკრეტული სარჩელები დააანონსეს.

ოფიციალური მიზეზი — საზოგადოებრივი ეთიკის დაცვაა. თუმცა რეალური კონტექსტი აშკარაა: რაც დრო გადის, საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება ხმამაღალი, ხანდახან მკვეთრი, ზოგჯერ კი უხეშად მოსასმენიც კი ხდება.

ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლოს კრიტიკის ტონი — როცა თავად იყო და რჩება მისი უკიდურესად მიუღებელი ფორმების წამახალისებელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სამიზნე ოპოზიცია, მედია, ან არასასურველი პირია.

წლების განმავლობაში სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ოპონენტების დისკრედიტაცია მიმდინარეობს ტროლინგით, ბოტებით, ოჯახის ხანდაზმულ წევრებთან და ბავშვებთან ანონიმური ზარებითა და უშვერი ლექსიკით — მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.

არავის ახსოვს სანქცია ოცნების ამ ორგანიზებული "საგინებელი სისტემის" მმართველების და შემსრულებლების მიმართ. არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი.
საზოგადოება ხვდება, რომ კანონის მკაცრ გამოყენებას ხელისუფლება მხოლოდ მაშინ აპირებს, როცა კრიტიკა მისკენ არის მიმართული.

სწორედ ეს ქმნის არასამართლიან და მკვეთრად ასიმეტრიულ გარემოს, სადაც ერთი მხარისთვის დაშვებულია ყველაფერი, ხოლო დანარჩენისთვის - არც სიბრაზე, არც ირონია, არც მწვავე სიტყვა.

ეს ხალხი, რომელიც წლებია - ადამიანების დაკნინებას, შეურაცხყოფას მთავარ ინსტრუმენტად იყენებს, დღეს ცდილობს, საზოგადოებას დაუკანონოს სიჩუმის ვალდებულება.

მაგინებელთა ჯგუფს სურს დაადგინოს სტანდარტი, თუ როგორ უნდა ისაუბროს საზოგადოებამ მათზე.

მათ უნდათ, რომ გატკინონ, მაგრამ შენ აღარ ისაუბრო.

მაგრამ პრობლემა მათთვის არც სიტყვებშია და არც ტონალობაში. პრობლემა იმაშია, რომ ხალხმა დაიჯერა - მათ ხმას აზრიც აქვს, მნიშვნელობაც და შედეგიც და ეს არის ერთადერთი რამ, რასაც რეჟიმი ვერ ითმენს.

ამერიკელი მოაზროვნე და პოლიტიკის თეორეტიკოსი სწორედ ასეთ ვითარებაზე ამბობს, რომ "ცენზურა მმართველთა ინსტინქტია მაშინ, როცა ეშინიათ ხალხის ძალაუფლების."

ეს ყველაფერი საბოლოოდ მიუთითებს არა მხოლოდ ავტორიტარული სისტემის სრული კონსოლიდაციის სურვილზე, არამედ შიდა ლეგიტიმაციის აშკარა კრიზისზე.

ქართული ოცნება არამარტო პოლიტიკური კლასის, მედიის, არამედ თავისი მოქალაქეების ტერორის რეჟიმში გადავიდა. ეს კანონპროექტიც და ზოგადად, სიტყვის სამართლებრივი დევნის მცდელობაც, ცხადყოფს: მათ აღარ სჯერათ და აღარც ძალუძთ პატივისცემაზე დამყარებული პრინციპებით ქართველი ხალხის მართვის.

სწორედ ამიტომ ირჩევენ მოქალაქეების დაშინების პოლიტიკას.

მაგრამ რაც მეტად შეეცდებიან შიშით მართვას, მით მეტად იმოქმედებს ის, რაც მათ საერთოდ არ ესმით:

წლების განმავლობაში, ოცნება - ,"თავისუფლად სუნთქვის" შეგრძნებას საზოგადოებაში - მთავარ მიღწევად მიიჩნევდა. ივანიშვილის თანამოქალაქე ფრანგი ფილოსოფოსი ჟაკ დერიდა ამბობდა, რომ "თავისუფლება ჰაერივითაა — მას მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როცა აღარ არის."
დღითიდღე ამ ჰაერის ნაკლებობას სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს.

სწორედ ამიტომ საუბრობენ ხმამაღლა, უხეშადაც კი, ზოგჯერ — უკიდურესად მძაფრად.

და თუკი ვინმე ოცნებაში ამით უკმაყოფილოა და მინიმუმ კითხვას მაინც სვამს - თუ რატომ?

პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ვეღარ სუნთქავენ და ვისაც ჰაერს ართმევ, მისგან მოწიწებას ვერც ითხოვ და ვერც მიიღებ!