
ყველაფერი ლოგიკურად ვითარდება:
აქედან დღევანდელი ყრილობის საბჭოური მოჩვენებითი ერთსულოვნება და ოვაციები ბელადისადმი ლოიალობის იმიტაციისთვის. ჭაღარებს, ან ჭაღარაშერეულებს, ასეთი თავყრილობა სხვადასხვა დროს გვინახავს და იმასაც მოვსწრებივართ – ამ თავყრილობაზე მყოფი ადამიანები სულ ცოტა ხანში ბელადის სიბრძნის და მისი უძლეველობის მითით დაბანგულები, ამ მითის ერთ დღეში, თვალსადახელს შუა ნგრევით, როგორი გაოგნებულები და იმედგაცრუებულები დარჩენილან.
ამავე გამოცდილებიდანაა უკვე ბზარშეპარული მონოლითის მოჭიმვა და ერთ კლანზე ჩამოკიდება, რაც, როგორც წესი, საწინააღმდეგო შედეგს იძლევა: ერთი, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ წონასწორობას არღვევს, და მეორე – მიწისძვრების დროს, მყარი იდეოლოგიური საყრდენის გარეშე მყოფი, მხოლოდ ფულსა და რეპრესიებზე დამყარებული, მორალურად სრულიად გაკოტრებული და ქვეყნის ღალატში მხილებული სისტემა მოქნილობას სრულიად კარგავს, პირდაპირი გაგებით, ქვავადება, ხევდება და რყევის პირობებში მთლიანად იშლება.
ოღონდ ამ ისტორიული პრეცედენტებით გამაგრებულ პერსპექტივას თან ერთვის ერთი მნიშვნელოვანი გარემოების არსებობის აუცილებლობა – პოლიტიკური მიწისძვრის.
მთავარ გამოწვევად ქართულ პოლიტიკაში სწორედ ამ კითხვაზე სწორი პასუხის მოძიებაა – დასავლეთის მკაფიო და მართლაც უკვე ,,კოლექტიური“ მხარდაჭერის მიუხედავად, სისტემა, რომელიც სრული იზოლაციის გზას ადგას, კიდევ დიდხანს შეიძლება შენარჩუნდეს კლანის მიერ საბიუჯეტო სახსრების ძარცვის, რეპრესიების, აქტიური მოქალაქეების იძულებითი გადინების და დემოგრაფიული ჩანაცვლების დანაშაულებრივი პოლიტიკის პირობებში, თუ ხალხის საპროტესტო წინააღმდეგობას ერთიანი, კარგად ორგანიზებული შიდა პოლიტიკური პროცესი არ მოჰყვა.
ოპტიმიზმის საფუძველი ბევრია, განსაკუთრებით – საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის საბრძოლო ენთუზიაზმის, შეუპოვრობის და გამძლეობის სახით, რომელიც უფრო ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული და სინქრონიზებული საქართველოს მოკავშირეების ძალისხმევასთან – რეგიონში ოდესღაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ავტორიტარიზმის და სიღარიბის ორბიტას გამოგლიჯონ და თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივა დაუბრუნონ.
მოკლედ, ოცნების დღევანდელი ყრილობის ტრანსლიაციისას ეკრანებიდან გადმოსულმა გვიანი საბჭოეთის ნაფტალინის სუნმა არ უნდა დაგვაბნიოს და მოგვადუნოს.
თითქოს ყველაფერი მართლაც ისტორიულ და პოლიტიკურ ლოგიკას ექვემდებარება. ერთადერთი ფაქტორი გამოიყურება ალოგიკურად – და ეს არასაკმარისი კოორდინაციისა და დაქსაქსული რესურსების წინააღმდეგობის ფრონტია, რა თქმა უნდა, ოპოზიციაზე აქცენტით.
საკმარისია საფრთხის მასშტაბურობის გათვალისწინებით, ოპოზიციურ აქტორებში ქვეყნისა და დემოკრატიული პროცესის გადარჩენის ინსტინქტმა იმოქმედოს – და პოლიტიკური მიწისძვრა გარანტირებულია, რომელსაც დრომოჭმული, ცივილიზაციისგან გარიყული და კობახიძის ზომბებზე ჩამოკიდებული სისტემა უბრალოდ ვერ გაუძლებს და ისეთივე უღიმღამო, არაფრისმთქმელ, გროტესკულ და ცუდ მოგონებად გადაიქცევა, როგორიც პოლიციით გარშემორტყმული და ქალბატონი ზინას ძალისხმევით დაცული მეოცნებეების დღევანდელი თავყრილობა იყო.
მოკლედ, ჩვენ დავლაგდეთ, საერთო მიზნის გარშემო გავერთიანდეთ და, დღეს უკვე ყველაფრის თავმჯდომარედ ქცეულ კობახიძეს რომ დავესესხოთ – რადგან "საქმე ისე მიდის, რომ სანქციები კომპლიმენტია," – კომპლიმენტარული სანქციები აწი რეჟიმს და მის საყრდენებს აღარ მოაკლდებათ.