
დასავლეთიდან დისტანცირების და ავტორიტარული სახელმწიფოების ღერძზე სრულად მიბმის სტრატეგიაში ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება მთელ რიგ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა. ისეთს, როგორიც იყო მაგალითად უკრაინის მხარდაჭერის ნაწილში ბუნდოვანი, ხოლო რიტორიკის დონეზე არამეგობრული, შეიძლება ითქვას მტრული რიტორიკა, ან თუნდაც სულ ბოლო - ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება.
ამ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებს თან ახლდა, უმეტესად კი წინ უსწრებდა მასშტაბური და ყოვლისმომცველი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია პროპაგანდისტული ნარატივების დასანერგად, რომელიც, დასავლეთის, როგორც გადაგვარებული, გარყვნილი ლიბერალიზმის ცენტრის დემონიზებას და ავტომატურ რეჟიმში რუსეთის, ან მსგავსი სახელმწიფოების "უკეთეს" კონსერვატიულ ალტერნატივად წარმოჩენას ემსახურებოდა.
გასულ კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულმა ოფიციალურმა განცხადებამ მისი ძირითადი პოსტულატებით და განცხადებაში მოხსენიებული ვიცეპრეზიდენტის კონცეპტუალური პრინციპებით, არათუ სერიოზული პრობლემა შეუქმნა, არამედ მთლიანად გამოაცალა ნიადაგი წლების განმავლობაში, ქართული ოცნების პროპაგანდის მიერ რუსული კალკით დანერგილ იდეოლოგიურ საყრდენ ღერძებს.
ტრამპის ამერიკა არათუ ლიბერალურ საფრთხობელად ვეღარ გამოდგება, არამედ კონსერვატორული პრინციპების დაჩქარებული წესით რეალიზებით და ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ლამის განადგურების ტემპით იმათაც კი აოცებს, ვისაც ამ მიმართულებით პესიმისტური მოლოდინები ისედაც ჰქონდა.
ივანიშვილის სპიკერის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც არსებულის შეფასებას და მომავალი საფრთხის იდენტიფიცირებას ემსახურებოდა, მთავარი ფრაზა შემდეგია:
"როგორც კი "დიფ სთეითის" რებრენდინგი დასრულდება, ის საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება და აგენტურით მის ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამიტომ ქართულმა ოცნებამ საზოგადოება ახალი ადმინისტრაციის ხელით "დიფ სთეითის" ახალი შეტევისთვის წინასწარ უნდა შეამზადოს".
შათირიშვილი აბსოლუტურად მართალია. დასავლეთი, როგორც მინიმუმ მისი მთავარი ძალა, შეერთებული შტატების სახით მნიშვნელოვან გარდაქმნებს და რეფორმირებას განიცდის. სადამდე, რომელ წერტილამდე, მივა თავისი შინაარსით, მართლაც მსოფლიო მასშტაბის რევოლუციური ცვლილებები ვერავინ იტყვის.
რაც ამ ეტაპზე სრულიად მკაფიოა - ნაციონალიზმის პრინციპებზე დამყარებული იზოლაციონისტური პოლიტიკა, რელიგიური კონსერვატიზმის ელემენტებით შეზავებული რიტორიკა და ქმედება ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედების მთავარი მახასიათებლებია.
მარტივად რომ ვთქვათ, რაც არ უნდა გრძელი კანდელი დააჭერინონ ხელში პოლიტტექნოლოგებმა კობახიძეს და ივანიშვილს და რაც არ უნდა მგზნებარედ აქადაგებინონ იაკობსა და სპირიდონს "მართლმადიდებლობის გადამრჩენელი" ოცნების მხარდამჭერი აპოლოგია, ფაქტობრივად ყოველ კვირას, ტრამპის გარშემო შემოკრებილი ქრისტიანი მღვდლების მიერ აღვლენილი ლოცვების ვერც ვიზუალურ და ვერც შინაარსობრივ ეფექტს ვერ გადაფარავენ, ყოველ შემთხვევაში არაფერი რჩებათ ხელში იმის სამტკიცებლად, რომ ტრამპი ლიბერალია, კონსერვატიულ ფასეულობებსა და ტრადიციულ ინსტიტუტებს ებრძვის და ჩვენს, ანუ ოცნების საქართველოს თურმე ამიტომ უპირისპირდება.
ახლა საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის წარმმართველ ტვინებს, "მოზგებს", დიდი თავსატეხი აქვთ: რა უყონ კონსერვატორული დასავლეთის სახეს და სწორედ კონსერვატორული პრინციპებიდან საქართველოში მოქმედი რეჟიმისთვის წამოყენებულ მოთხოვნებს, რომელიც პოლიტიკურ კონკურენციას, სიტყვისა და გამოხატვის სრულ თავისუფლებას, ბიზნესის ტერორისგან დახსნას, თავისუფლების იდეისთვის მებრძოლი პატიმრების გამოშვებას ეხება.
სანამ ნამდვილ ქართულ კონსერვატიზმს ჯერ კიდევ სძინავს, რუსული ოცნების მიერ წლობით ნაკვები ანტილიბერალური შხამით გაჯერებული პროპაგანდა ტრამპის კონსერვატორული ამერიკის კედელს დაეჯახა. ახლა დარეტიანებული აქეთ-იქეთ ეხლება და ძალიან საეჭვოა, რომ წონასწორობის აღდგენა შეძლოს.