ბიძინა ივანიშვილი, თავის გამოსვლებში, საქართველოს დიდი ისტორიული მემკვიდრეობის ხაზგასასმელად ხშირად იყენებდა არგუმენტს - "ქართველი ერის თვითმყოფადი კულტურის უწყვეტობის შესახებ".
ისე მოხდა, რომ ეს უწყვეტობა სწორედ მის ხელში დაირღვა. ის, როგორი ქცევის წესები და შინაურთან თუ უცხოელთან მოპყრობის ნორმებიც მან ოცნების მმართველობისას დანერგა კულტურული განვითარების ხაზის წყვეტაზე, ქართული იდენტობის ყველა ფუნდამენტური მდგენელის ჩამოშლასა და განადგურებაზეა მიმართული.
ივანიშვილმა ცივილიზებული სამყაროს საყრდენ წესებზე: სამართალზე, ურთიერთპატივისცემასა და ტოლერანტობაზე, ზრდილობასა და საზოგადოებაში თანაცხოვრების უმთავრეს კანონებზე დამყარებული წესრიგი უარყო და "ჯუნგლების სამართალი" დაამკვიდრა: ბოროტი, გაუთლელი.. უზრდელობაზე, უტიფრობაზე, გაუმაძღრობაზე დაგეშილი არსებობა, ადამიანის, როგორც სულიერი არსებისა და ინდივიდის პატივისცემაზე უარის თქმა.
ჯუნგლებში მხოლოდ ძალა დომინირებს. თუმცა ეს იერარქიაც გარკვეულ ბუნებრივ ჰარმონიას და თანაცხოვრების პრინციპებს ეყრდნობა. ბოლოსდაბოლოს ჯუნგლებში ლომი მეფობს. ივანიშვილის ჯუნგლებში კი - ტურა, თავისი გიენებით. ტურებივით მიპარვა, გიენების ჯოგივით ოპონენტებსა თუ უდანაშაულო მოქალაქეებზე წასევა - ბიძინას ჯუნგლებში წესია. აქ არათუ სამართლის, ელემენტარული წესიერების, კაცობის და ადამიანობის ადგილი არაა, აქ ტურას მიერ გიენებით მართული ჯუნგლებია.
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს ისე ექცევა თითქოს დაპყრობილ ტერიტორიაზე ბატონობდეს.
ლეგიტიმაციის არქონა ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძალის კომპონენტის ზრდას ითხოვს. პოლიტიკურად რაც უფრო მეტად სუსტდება რეჟიმი, მით უფრო იმატებს ძალადობრივი გამოვლინებები. მაგრამ რაც უფრო მეტ ძალას იყენებს, მით უფრო მეტად სუსტდება ისედაც არარსებული ლეგიტიმაციის ხარისხი. მოკლედ ეს ისეთი სპირალია, რომელსაც მხოლოდ საყოველთაო ძალადობაზე მდგარ სისტემამდე მივყავართ და რომელსაც მხოლოდ საყოველთაო სახალხო წინააღმდეგობა ამარცხებს.
ეს წინააღმდეგობა ძალას იკრებს, უწყვეტ აქციებში, მსვლელობებში, გაფიცვებში, რეჟიმის პატიმრების მიმართ სოლიდარობის აქამდე უპრეცედენტო მასშტაბებსა და თანადგომის აქტებში გამოიხატება.
ცივილიზებული სამყაროც სულ უფრო მეტად ავიწროებს ოცნების ჯუნგლების ტურებსა და გიენებზე ჩამოცმულ საბელს. ერთ დროს კულტურულობის ნიშნების მატარებელი, მაგრამ ჯუნგლების წესებით ცხოვრების გამო გაველურებული ბუნება და ხასიათი თავს იჩენს და მათ ნაწილს უკვე არათუ ვაშინგტონში, პარიზში, ბერლინსა თუ ლონდონში აღარ ჩაესვლებათ - დარჩენილი ცხოვრება აბუ დაბის ცათამბჯენების და არაბეთის უდაბნოს ქვიშის ხილვაც კი სანატრელი უხდებათ.
დღევანდელი საერთო სახალხო სულისკვეთებისა და მზარდი სოლიდარობის მასშტაბის შემხედვარე რწმენა ძლიერდება - ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ ბოლო დღეებში მზარდი რეპრესიებისა და პოლიტიკური ტერორის დინამიკა ცხადყოფს, რომ შევდივართ მწვავე ფაზაში, რომლის ბოლოსაც გაირკვევა - ეს ტერიტორია, რომელიც 3 ათასი წლის უწყვეტი კულტურის შემოქმედი ხალხის სამყოფელი იყო - ტურის მიერ მართული ოცნების ჯუნგლებად გადაიქცევა, თუ სივრცედ, რომლითაც დამსახურებულად ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები და იამაყებენ ჩვენი შთამომავლები.